ყველას, ვინც ამ ,,ოცნებაშია", ხელი აქვს მოწერილი ივანიშვილის მორჩილების კონტრაქტზე - ელენე ხოშტარია

22.03.21 13:59
ყველას, ვინც ამ ,,ოცნებაშია", ხელი აქვს მოწერილი ივანიშვილის მორჩილების კონტრაქტზე - ელენე ხოშტარია

ქართული ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ოცნების" მაღალჩინოსნებს დღესაც წარმატებით უსმენს და ფარულად იწერს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მართვის ერთ-ერთი საშუალება მათი მოსმენა, ფარული თვალთვალი და დაშანტაჟებაა. 

მოძრაობა ,,დროა"-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს,რომ ფარული მოსმენა ,,ოცნების" ხელწერილია. 

,,ქართული ოცნების" მმართველობა ისეთია: ყველამ იცის, რომ მას ივანიშვილი უსმენს, განსაკუთრებით ბოლო დროს ვინც ,,ოცნებაში" წავიდა, ყველას აქვს ხელმოწერილი კონტრაქტი ივანიშვილის მორჩილებაზე - აღნიშნავს ელენე ხოშტარია. 
 

 

,, ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, ეჭვიც არ ეპარება, რომ ,,ოცნებაში" ერთმანეთს უსმენენ. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან კარგი ნაბიჯი იქნება, თუ ამ ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებს.

 ეჭვი არ მეპარება, რომ ერთმანეთს  უსმენდნენ, იმიტომ რომ რეჟიმის თვისება ესაა. გახარია რეჟიმის ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ფარული მიყურადება ამათი ხერხია, გახარია იქ იყო წამყვანი ფიგურა, კარგია, თუ 20 ივნისზე გამოაშკარავებს ფაქტებს, რაც საზოგადოებამ დღემდე ვერ გაიგო - ამბობს ხატია დეკანოიძე.

,, ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, სამარცხვინო პრაქტიკას უწოდებს ,, ოცნების" მცდელობას, დაკავდეს  ფარული ჩანაწერებითა და  შანტაჟით.

 ფლიდი ადამიანების პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში ფარული მიყურადების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით მოვიდა და დღეს ვხედავთ, რომ სწორედ ფარული მიყურადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითა და შანტაჟით არიან დაკავებული. ეს არის სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც გრძელდება. პროკურატურამ, რომელსაც სძინავს, შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას - მიიჩნევს საბა ბუაძე.

სკანდალური ჩანაწერები ტვ პირველის ეთერში შაბათს გავიდა,  მასში ასახულია, როგორ უსმენენ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს. ოპოზიციის მოსაზრებას ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით ამყარებს გიორგი გახარიას დღევანდელი ინტერვიუც, ტვ პირველთან დღეს ექს-პრემიერმა გახარიამ არ გამორიცხა, რომ მის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს,  უსმენენ.