შეიცვალოს ელ. კომუნიკაციების კანონის პრობლემური მუხლები - ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას მიმართავს

23.03.21 14:30
შეიცვალოს ელ. კომუნიკაციების კანონის პრობლემური მუხლები - ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ელ. კომუნიკაციების შესახებკანონში შეტანილი ცვლილებები  ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს",  - ამის შესახებ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.  ვენეციის კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღება შეაფასა. 

ვენეციის კომისის დასკვნის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მეშვეობით კომუნიკაციების კომისიას კომპანიებზე “დე ფაქტო კონტროლის განხორციელება შეუძლია.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს და ის ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. კომისიის შეფასებით, ახალი კანონმდებლობის შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი უფლებები იმდენად გააფართოვა, რომ ვენეციის კომისია ვერ პოულობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ანალოგს, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს კომპანიების მიმართ ასეთი შეუზღუდავი უფლებები გააჩნდეს.

კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებები მეტწილად კომისიასა და "კავკასუს ონლაინთან" დავით იყო განპირობებული და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა.

ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ გაუქმდეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლში შეტანილი ცვლილებები, ასევე ახლიდან ჩამოყალიბდეს კანონის 46-ე მუხლში არსებული ჩანაწერები, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), ასევე განისაზღვროს, რომ აღნიშნული რეგულირება  სამაუწყებლო ოპერატორებს არ ეხებათ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კანონში ცვლილებები 2020 წლის ივლისში, 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებში შევიდა.ვენეციის კომისიამ 2020 წლის 17 ნოემბერს “ელექტრონული კომუნიკაციების კანონის” უახლესი შესწორებების შესახებ კომისიის დასკვნის მომზადების მოთხოვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტისგან მიიღო.