საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვა - "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ტენდერი 10-ჯერ გამოაცხადა

23.03.21 17:45
საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვა - "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ტენდერი 10-ჯერ გამოაცხადა

"რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ტენდერი 10-ჯერ გამოაცხადა და 75 ათას ლარზე მეტი დახარჯა. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ აუდიტის დასკვნაშია აღნიშული.

29 იანვრით  დათარიღებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, კლინიკაში რიგ შემთხვევაში  შესყიდვები ხელოვნურად ჭიანურდებოდა, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას იწვევდა.

კლინიკამ ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ჩაატარა 10 ტენდერი და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ტენდერების პარალელურად ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში კლინიკამ 75,908 ლარი გადაიხადა. აპარატის შესყიდვის პროცედურების დროული დასრულების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდებოდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების დაზოგვა. ამასთანავე, კლინიკამ შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, ექოსკოპიის აპარატით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად პირდაპირ გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება კერძო კომპანიას, რომლის დირექტორიც კლინიკის დირექტორთან საგადასახადო კოდექსით დადგენილი ურთიერთდამოკიდებული პირი იყო -წერია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტორებმა კლინიკის შემოწმების  დროს დაადგინეს, რომ 25 მილიონი ლარი  სამედიცინო დაწესებულებამ გასცა, თუმცა რაში დაიხარჯა ფული ვერ დადგინდა. დოკუმენტები აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში უკვე გადაგზავნა, ახლა კი საკითხს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი   განიხილავს.

მსგავსი სიახლეები