სცემეს თუ არა შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

19.10.21 19:25
სცემეს თუ არა შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სცემეს თუ არა ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულები? -  ერთ-ერთი ბრალდებულის, ბიძინა ხასიას, მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყება განცხადებას ავრცელებს.

2020 წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ბ. ხ. -ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.
 
შეტყობინების მიღების შემდგომ, ბ. ხ. -სთან გარემოებების დაზუსტების მიზნით ჩატარდა გასაუბრება, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ბ ხ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
- ნათქვამია განცხადებაში.

ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მოკლეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები ახალგაზრდა ქალის შვილის მამასთან, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში იმყოფებოდნენ და ადგილიდან კომპიუტერები ამოიღეს. 

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - ახალგაზრდა ქალის მკვლელობიდან მალევე პოლიციამ ორი პირი, 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33  წლის ბიძინა ხასია, დააკავა. მოგვიანებით კი მესამე პირს, ლევან რაჯავს, ნაქირავებ ბინაში ხელბორკილები დაადეს.