საქართველო რუსეთის გუბერნია არსდროს იქნება - ხელოვანები პოზნერის ვიზიტმა გააღიზიანა

01.04.21 16:24
საქართველო რუსეთის გუბერნია არსდროს იქნება - ხელოვანები პოზნერის ვიზიტმა გააღიზიანა

ხელოვანები პოზნერის საქართველოში ვიზიტით გაღიზიანებულები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებული ვიზიტი იყო, რადგან ჩამოსულებს არც კომენდანტის საათი და არც კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციები დაუცვიათ.

ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის პასპორტი ექნება კონკრეტულ ადამიანს, თუ ის  პუტინისტური პროპაგანდის წარმომადგენელია, მისი საქართველოში ჩამოსვლა არ უნდა გვიხაროდეს. 

საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ აი, ასეთი პოზნერის მსგავსი რუსები უნდა გადაეჩვიონ საქართველოში დაინახონ ფოლკლორული და კულინარიული დამატება რუსეთის იმპერიის. პასპორტი ექნება მას ამერიკის, საფრანგეთის თუ რუსეთის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კაცი, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ პუტინისტური პროპაგანდის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია, არ უნდა გვიხაროდეს მისი ჩამოსვლა, - ამბობს  ბაქრაძე. 

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თვლის, რომ  პოზნერის მიერ დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა ცინიზმის ტოლფასია. 

დაბადების დღის გადახდა იმ ქვეყანაში, რომლის 20% მათ აქვთ წართმეული, ცინიზმია და მეტი არაფერი. რამდენჯერ უნდა აიტანოს საქართველომ ეს ცინიზმი და ხომ ხედავენ, რომ არ იტანენ?, - ამბობს ჭოხონელიძე.

 

საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერები ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოუშვა და კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მისცა.  დისკომფორტი ღამის ქეიფს ოკუპირებულ საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა შეუქმნეს, ისინი პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პოზნერმა მეგობრებთან ერთად ივახშმა. 

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.