ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს - კლინიკას 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

06.04.21 18:04
ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს - კლინიკას 5 ათასი ლარის  გადახდა დაეკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონოდ განთავსების გამო კლინიკას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად   5000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს, რომელიც ქალის უფლებებს იცავდა.

ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ, რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელ სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა, რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა, რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს", - წერია  განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ქალის კლინიკაში მოთავსებისას  ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა არ მომხდარა მათი მხრიდან, ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს, რომ სტაციონარში მოთავსებას წინ უძღოდა  ოჯახში ძალადობის ფაქტი. ორგანიზაცია მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ ქალის გადაყვანა სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა.

აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები