32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დაღუპულთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა

09.04.21 11:18
32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დაღუპულთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა

32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიან - დაღუპულთა მემორიალთან  დილიდან ხალხმრავლობაა. პარლამენტის წინ მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. მემორიალი სიმბოლურად წითელი ლენტებითა და ტიტებით არის შემკული. 

ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიას შეესწრო, იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.

პირველი საათი იყო, როდესაც სამი ტანკი წამოვიდა რუსთაველის გამზირიდან, მიემართებოდნენ ლენინის მოედნისაკენ და ეს მანქანები, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ რუსთაველის გამზირი, რომ იტყვიან, გადაუარეს, არ მოერიდნენ პოლიციის მანქანებს. ამის შემდეგ ორმაგი მუხტით დაემატა მოქალაქეები, უკვე რაიონებიდან მოაწყდნენ გულანთებული ხალხი და მთელი რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იქნა,- იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ადგილზე მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან საქართველოს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია.  

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოში ისტორიაში. დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველოს იყო სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, - განაცხადა ზალკალიანმა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსეთის ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპორტესტი აქცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი. მათ შორის, ქალები და სკოლის მოსწავლეები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. 

ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.