არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა თბილისის ფსიქიატრიულში - ომბუდსმენის დასკვნა

04.03.21 14:44
არაადამიანური და დამამცირებელი  მოპყრობა თბილისის  ფსიქიატრიულში - ომბუდსმენის დასკვნა

თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტებზე ფიზიკურად ძალადობენ, არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობიან, -  ასეთია სახალხო დამცველის დასკვნა. ნინო ლომჯარიამ დღეს ფსიქიკური ,,ჯანმრთელობის ცენტრი" შეამოწმა და იქ უმძიმესი დარღვევები აღმოაჩინა და  გაარკვია, რომ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებსაც კი არ აძლევენ და ხშირ შემთხვევაში, მათ საპნით დაბანის საშუალებასაც კი არა აქვთ.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ  მრავალადგილიანი საერთო პალატები არის გადატვირთული და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები, შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი.  

დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე. პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ინფორმირება, განათლება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველჰყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ჩართვა.

დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. პაციენტები ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად, ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება. დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და სათანადო  კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება და ხდება მათზე ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა.

როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზებით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს, - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

მონიტორინგი ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" 2020 წლის 15-16 სექტემბერს ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები