ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტგასაღებასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა - ვახტანგ გომელაური

05.03.21 14:36
 ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტგასაღებასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა -  ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი, პოლიციამ ამოიღო 89 კილო ჰეროინი, 1 კილო კოკაინი, 6,5 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 7ათასი აბი სუბოტექსი-სუბოქსინი.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამინისტროსთვის ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკებით ინტერნეტის საშუალებით გასაღება, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდში ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებასთან საბრძოლველად შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც ინტენსიურ გადამზადებას გადის. ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის პასუხისგებაში მიეცა  16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტმაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკების დასამზადებელი ლაბორატორია. 

შსს მინისტრის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასა და  გენპროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად ქართველმა სამართალდამცველებმა ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სარეალიზაციოდ 40 კილო ჰეროინი ჰქონდათ გამზადებული, ასევე სულ ახლახანს დაკავებულ იქნა ირანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. ბრალდებულები მარილის ტომრების მეშვეობით 1179 აბი მეტადონის საქართველოში შემოტანას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს პარლამენტში ,, მინისტრის საათის" ფარგლებში გამოვიდა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.