ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა - მელაშვილის ადვოკატი რეაგირებას ითხოვს

04.05.21 19:35
ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა - მელაშვილის ადვოკატი რეაგირებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი" ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მკაცრი და ობიექტური გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ორგანიზაციის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, აცხადებს, რომ თავდასხმისას გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს ხელისუფლების რიტორიკასთან თანხვედრაშია, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ თავდასხმა ,,ოცნების" მიერაა წახალისებული.

ის მოტივი და განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებდნენ, აშკარად თანხვედრაშია მმართველი პარტიის განცხადებებთან. იყო სურვილი, მელაშვილის შეურაცხყოფისა, გადამღებმა ჯგუფმა გამოიძახა პოლიცია, რის შედეგადაც კონფლიქტი სასულიერო პირებისგან შეწყდა.  ადგილზე მობილიზებული იყო სასაზღვრო პოლიცია, თუმცა ისინი არ ჩარეულან და ტერიტორია დატოვეს. შემდეგ მოსახლეობაც აგრესიით დახვდა გადამღებ ჯგუფს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მელაშვილს. ეს არის წახალისება ხელისუფლების მხრიდან, რადგან მოსახლეობა ისმენს ხელისუფლების განცხადებას და ფიქრობს, რომ თუ ისინიც ასეთივეს გააკეთებენ, სახელმწიფო მათ მიმართ უფრო ლმობიერი იქნება და პირიქით, შეიძლება, ეს საქციელი მოუწონონ კიდეც. 

 ჩვენი მოთხოვნაა, რომ ფაქტი იყოს მკაცრად გამოძიებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გვაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლება ამ ფაქტთან მჭიდრო კავშირშია - აცხადებს ,,საქართველოს დემოკრაიული ინსტიტუტის" წარმომადგენელი, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

 კარტოგრაფების საქმის ფიგურანტზე, ივერი მელაშვილზე და ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დაზარალებულები ამ დროისთვის საგარეჯოს პოლიციაში არიან, სადაც მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ორას ორმოც საათამდე, ან ჯარიმას.