70 ლიტრიან ავზში 190 ლიტრი საწვავი - აუდიტის სამსახური თეთრიწყაროში სავარაუდო კორუფციის ფაქტებს ასაჯაროვებს

09.03.21 11:53
70 ლიტრიან ავზში 190 ლიტრი საწვავი - აუდიტის სამსახური თეთრიწყაროში სავარაუდო კორუფციის ფაქტებს ასაჯაროვებს

 თეთრიწყაროში საჯარო მოხელეები ბიუჯეტის ფულით ავტომანქანაში იმაზე მეტ სასწვავს ისხვამდნენ, ვიდრე ამას მანქანის ავზი იტევს. მაგალითად,  70 ლიტრიან ავზში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა 190 ლიტრი საწვავის ჩასხმა მოახერხეს.  ფაქტებს აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს.  სკანდალური  დასკვნის მიხედვით ირკვევა ისიც, რომ  44 -ზე მეტ შემთხვევაში თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილებსა და საწვავს პირადი გადაადგილებისთვის  მოიხმარდნენ.

კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე, რომელიც აუდიტის დასკვნას გაეცნო,  ვარაუდობს, რომ ბენზინი ,,ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისთვის გამოიყენა.


შემოწმების პერიოდი ემთხვევა საარჩევნო პერიოდს, ეს ბეზინები, სავარაუდოდ, გამოყენებული არის სარჩევნო მიზნებისთვის. აღნიშნული ბენზინი გამოიყენა ,,ქართულმა ოცნებამ" კოორდინატორებისთვის და მოპარული საწვავით თეთრიწყაროში საარჩევნო კამპანია ჩაატარა - აღნიშნავს ბესო დონაძე.


ხელისუფლების შედარებით მაღალი ეშელონების წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ ამ შედარებით მცირე პრობლემებზე, რადგან მათი საბიუჯეტო ხარჯვა და შემოსავალი კორუფციულ რისკთან დაკავშირებით ბევრად მაღალია. ეს ახალი არ არის, ეს  არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც დაკანონებულია  ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნით. ასეთი ტიპის დასკვნები ბევრია, თუმცა, ყოველგვარი რეაგირების გარეშე. - ამბობს ქეთი ენუქიძე, კორუფციის მკვლევარი.


თეთრიწყაროს მერი შესაძლო კორუფციის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. სკანდალური დასკვნა პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები