ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას - ჰომოფობიური ჯგუფები ,, ღირსების მარშის" ჩაშლით იმუქრებიან

24.06.21 20:25
ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას - ჰომოფობიური ჯგუფები ,, ღირსების მარშის" ჩაშლით იმუქრებიან

ჰომოფობიური ჯგუფები ,,ღირსების მარშის" ჩაშლას აანონსებენ. 

ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე, შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება"- აცხადებს ,,ალტ-ინფოს" წარმომადგენელი, ზურა მახარაძე.

ის ხელისუფლებას გამოცდილების გაზიარებას ურჩევს:

ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე, გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება",- თქვა მან. 

ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები იმუქრებიან, რომ იქნებიან ყველგან, სადაც სოლიდარობის მარშის ორგანიზატორები ჩაივლიან.

დღეს მათ ხელისუფლებას კიდევ ერთი ახალი ულტიმატუმი წაუყენეს - თუ მთავრობა თავად არ გააუქმებს დაანონსებულ შეკრებას, მაშინ ისინი ძალის გამოყენებით დაშლიან.

მუქარის მიუხედავად, მარშის ორგანიზატორები გეგმას არ ცვლიან და ამბობენ, რომ ეს კვირეული აუცილებლად ჩატარდება:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეა, რომ ამ ადამიანების მუქარასა და ძალადობაზე ჰქონდეთ რეაგირება, ჩვენ ვერ აღვუდგებით წინ ფაშისტურ დაჯგუფებებს",- ამბობს "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი, გიორგი თაბაგარი.

შეგახსენებთ, ,,ღირსების მარშის" კვირეული  1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დასრულდება.