ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაცია - ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე დღეს გამოკითხვაზე მივლენ

15.03.21 12:16
 ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაცია - ნოდარ მელაძე  და მაკა ჩიხლაძე დღეს გამოკითხვაზე მივლენ

„ტვ პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაცია - შსს-ში დღეს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის გენერალური პროდიუსერი, ნოდარ მელაძე და გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე არიან დაბარებულები. ჟურნალისტები გომელაურის უწყებაში 5 ის ნახევარზე, ადვოკატის თანხლებით მივლენ.

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებას კონკრეტული კითხვებით მიმართავს. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის გენერალურ პროდიუსერს და „შაბათის ეთერის“ ავტორს  აინტერესებს, რა გარემოებები დაადგინა ერთკვირიანი გამოძიების ფარგლებში გომელაურის უწყებამ.

დღეს მე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ვართ დაბარებულები შსს-ში. საქმე ეხება ჩვენი სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. პრინციპში, მას შემდეგ, რაც შსს-მ ამ თემაზე ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა, გონივრული ვადა არის გასული. დღეს რომ მივალ, პირველი კითხვა, რაც მექნება, იქნება, მაინტერესებს, რა გამოიძიეს, რა დაადგინეს და ვისგან მომდინარეობდა საფრთხეები, - ამბობს მელაძე.

შსს-მ გამოძიება თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც შაბათის ეთერში  სკანდალური რეპორტაჟი გავიდა. გამოძიების დაწყების მიუხედავად, მუქარა არ შეწყვეტილა. საგამოძიები რეპორტაჟის მეორე ნაწილის გასვლის  შემდეგ ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა იერიში ნოდარ მელაძის ოჯახზე მიიტანა.

ნოდარ მელაძე იმედს იტოვებს, რომ ამ კონრეტული მუქარის თემაზე შსს-ს  მასალები უკვე მოძიებული  და დაკითხვების სერიაც დაწყებული აქვს.

თქვენ იცით, რომ შაბათის ეთერის რეპორტაჟის მეორე ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ჩვენი ოჯახის წევრებზე წამოვიდა, პირადად ჩემი ოჯახის წევრებზე წამოვიდა ღია მუქარა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, ეს არის ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური. მე იმედი მაქვს, რომ შსს ამ თემაზე უკვე აქვს მასალები მოპოვებული და ალბათ დაკითხვების სერიაც ექნება დაწყებული და მაინტერესებს, რა დაადგინეს, - აცხადებს მელაძე.

საგამოძიებო უწყებაში ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე ხვალაც არიან დაბარებულები. ხვალ უწყების წარმომადგენლებს მათთან შეკითხვები სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ექნებათ.

მსგავსი სიახლეები