წყარო: ქალი თოკით გაგუდეს, კაცი დანით დაჭრეს - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

05.04.24 16:00
წყარო: ქალი თოკით გაგუდეს, კაცი დანით დაჭრეს - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ tvpirveli.ge-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების ოჯახში დაყაჩაღების მიზნით დაახლოებით დღის 2-ის ნახევარზე შეიჭრნენ.

წყარო გვიყვება, რომ ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ყელის არეში ჩაარტყეს.

დაშავებული კაცის ნათესავი "პირველებთან" ყვება, რომ დღისით, ქალი ბაზარში წავიდა და კარი ღია დატოვა, რადგან სახლში ქმარი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ღია კარიდან შეაღწიეს თავდამსხმელებმა სახლში. უკან დაბრუნებულ ქალს კი კარი ჩაკეტილი დახვდა და კაკუნის მიუხედავად ის არავინ გაუღო, რა დროსაც პენსიონერმა ქალმა ტელეფონზე შვილს დაურეკა და სწორედ შვილმა გამოიძახა ადგილზე საპატრულო პოლიცია.

ირკვევა, რომ ცოლმა სახლში შესვლა მოახერხა და ადგილზე მას თავდამსხმელებთან ერთად სასტიკად ნაცემი ქმარი დახვდა. ქალს რომ არ ეყვირა და ხმაზე მეზობლები რომ არ გამოსულიყვნენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით სცადეს ქალის გაჩუმება თავდამსხმელებმა და საბოლოოდ, ის გაგუდეს. ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"პირველების" ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებეში განზრახ მკვლელობის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავეთა ჯგუფს ახლა პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

 

მსგავსი სიახლეები