სახელმწიფო დაცვაზე უარის მიზეზი შსს-ს მხრიდან ჩვენზე კონტროლის დაწესების მცდელობაა - ნოდარ მელაძე

15.03.21 19:04
სახელმწიფო დაცვაზე უარის მიზეზი შსს-ს მხრიდან ჩვენზე კონტროლის დაწესების მცდელობაა - ნოდარ მელაძე

 გამოკითხვიდან გამოსულმა ტვ პირველის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ უარი განაცხადეს შსს-ს შეთავაზებაზე, ჩაესვათ ისინი მოწმეთა დაცვის პროგრამაში. ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ამბობს, რომ აღნიშნულ წინადადებაში დაინახა აღნიშნული სახელმწიფო უწყების მცდელობა, გააკონტროლოს ჟურნალისტების გადაადგილება და მათი წყაროები.

სახელმწიფო დაცვის სამსახური შემოგვთავაზეს და ვვარაუდობ, რომ ამის მიზანს წარმოადგენს, ჩვენი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი, თუ სად გადავაადგილდებით, ვის ვხვდებით და რას ვსაქმიანობთ, ამაზე უარი განვაცხადეთ. ვფიქრობ, ჟურნალისტის მთავარი დაცვა არის თავისუფალი სიტყვა, რომლითაც ისინი  მაუწყებლობენ ეთერში, კეთილი ინებოს შსს-მ, უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ჟურნალისტები თავს დაცულად იგრძნობენ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

 ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გამოძიებას ჟურნალისტების სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება აქვს, ესაა ლევან მამალაძის ინტერვიუ, თუმცა მასთან კონტაქტზე სამართალდამცველები არ გასულან, რადგან მამალაძე ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. რაც შეეხება სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძისა და მისი ოჯახის მიმართ გავრცელებულ სიცოცხლის ხელყოფის მუქარებს, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ შსს-ს მინისტრი გომელაური ადრე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მას პირადი კონტაქტები აქვს ბერა ივანიშვილის მცველ წიკლაურთან, რომელმაც სოციალურ ქსელში მუქარა გაავრცელა.

ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა ლევან მამალაძის ინტერვიუ.  ქვემო ქართლის ყოფილი გამგებელი და დიდი რაოდენობით ფულის გაფლანგვაში ეჭვმიტანილი  მამალაძე აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში რევოლუციური მუხტის ასაწევად ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს. შსს-მ საქმე ჟურნალისტების სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის ფაქტზე აღძრა.

ტვ პირველის ჟურნალისტების გამოკითხვა შემდგომში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გაიმართება.