გაუთავებლად გამოკითხვებზე სიარულს არ ვაპირებ - ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა

16.03.21 15:35
გაუთავებლად გამოკითხვებზე სიარულს არ ვაპირებ - ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა

ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმე - ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი საქალაქო სასამართლოში მივიდა. ნოდარ მელაძის  გამოკითხვა  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნოდარ მელაძემ არ იცის რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას მასთან. მისი ინფორმაციით, შსს-ს ჯერ კიდევ გუშინ ამ საქმესთან  დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია მოძიებული არ ჰქონდა.

ამჯერად უნდა გამოგვკითხონ სასამართლოში, წარმოდგენაც კი არ მაქვს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, რადგან ჩვენ გუშინაც ვუთხარით, რომ საერთოდ არაფერი ვიცით, მხოლოდ ის ვიცით, რომ მოვისმინეთ  ინტერვიუ, სადაც იყო რაღაც გარკვეულ ვარაუდებზე დაფუძნებული  მოსაზრებები  ლევან მამალაძის. შსს გუშინ ამბობდა, რომ არაფერი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით მას მოძიებული არ აქვს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. არ ვიცით, გუშინდელი დღიდან დღევანდელ დღემდე რა გაარკვიეს, ახლა გამოკითხვაზე გავარკვევ, - განაცხადა მელაძემ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას გუშინდელის მსგავსად არც დღეს ფლობს და თუკი პროკურატურის მიზანია გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მოწმის სახით ყოველდღიურ რეჟიმში გამოკითხვა, ამას დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ახლა მათი მიზანი არის რაღაც გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენი მოწმის სტატუსით ყოველდღიურ რეჟიმში სიარული, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ახლაც მე უნდა ვიყო სამსახურში და უნდა ვაკეთებდე საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში გადის ახლა და შემდეგ კიდევ ორ საათში უნდა გავიდეს და ფიზიკურად ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს. ასე რომ, გაუთავებლად გამოკითხვებზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ. დღეს მოვედი, არ მგონია რომ მათთვის რაიმე სასარგებლო, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია მქონდეს, - ამბობს  მელაძე.

მსგავსი სიახლეები