ორი დაღუპული მოზარდი და რამდენიმე მძიმედ დაშავებული - ახალი დეტალები მარნეულიდან
სამირა ბაირამოვა "ტვ პირველის" ეთერში სოფელ ნახიდურში განვითარებული მოვლენების დეტალებს ყვება - აქტივისტი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძღოლი, რომელიც ორ ქვეითს შეეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ავარიის შემდეგ, რის შედეგადაც ორივე მოზარდი დაიღუპა, 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. ავტომობილიდან გადმოვიდა, გარდაცვლილს დაარტყა, ხოლო თვითმხილველებს შეაგინა.
აღნიშნულ ფაქტს მაცხოვრებლების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
ხალხი აღნიშნავს, რომ მანქანა ძალიან ჩქარა დადიოდა და ნასვამ მდგომარეობაში იყო მძღოლი. შეჯახების შემდეგ, მძღოლი ჩავიდა მანქანიდან, დაარტყა ადგილზე ერთ-ერთ გარდაცვლილს, რაზეც ადგილზე მყოფი მოწმეები, რა თქმა უნდა, გაბრაზდნენ. ერთი ისაა, რომ შეეჯახა და მეორე, რომ ჩავიდა, დაარტყა ამ გარდაცვლილ ბავშვს და მოსახლეობას შეაგინა და გაიქცა იქიდან.
მანქანაში ყოფილა ოთხი ადამიანი. მერე მოვიდა, პოლიცია სასწრაფო და ბევრი ხალხი შეგროვდა, რადგან სოფლის ცენტრი არის. ძალიან ცუდი ადგილი არის, ცუდი მოსახვევი არის. ბავშვებს უწვეთ ტრასით სიარული და ყოველდღე ეს ადამიანები საფრთხის ქვეშ არის, ჩვენ არ გვაქვს გზის ინფრასტრუქტურა.
ადგილზე იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი, მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმელები. მძღოლი დაკავებული არის'', - ამბობს სამირა ბაირამოვა.
სამოქალაქო აქტივისტი "ტვ პირველის" ეთერში იმასაც აცხადებს, რომ ადგილობრივების ცნობით, მძღოლი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ახლობელია - "იმედია, ეს ფაქტი გამოძიებაზე არ იმოქმედებს".
სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
ადგილობრივმა მომაწოდა ინფორმაცია, მძღოლი ყოფილა, რომელიმე მაღალჩინოსნის ახლობელი და იმედი მაქვს, ეს ფაქტი არ იმოქმედებს გამოძიებაზე", - ამბობს სამირა ბაირამოვა.
ცნობისთვის, 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
ავარიას ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობა და დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან არ წავიდა, ხოლო მოსახლეობა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამსხვრიეს.
ამასთან, როგორც "პირველებს" ადგილიდან აცნობეს, მარნეულში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კლინიკა ავერსის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების განმუხტვას ადგილზე მობილიზებული სასულიერო პირები ცდილობენ.
ადგილზე ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.