ახალი წერილები გლდანის საპყრობილიდან - სინდისის პატიმრები სასამართლოს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ

18.01.25 11:25
ახალი წერილები გლდანის საპყრობილიდან - სინდისის პატიმრები სასამართლოს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ

"პირველების" რედაქციამ გლდანის საპყრობილიდან ახალი წერილები მიიღო - სინდისის პატიმარები, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ. 

რეჟიმის ტყვეები "პირველებს" წერენ, რომ 11 იანვარს, როდესაც ღიმილის ბიჭების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ბრალდებულებთან ერთად ციხეში გაუფრთხილებლად გადაიყვანეს. 

სინდისის პატიმრები იტყობინებიან, რომ თავდაპირველად სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და დროებით საკანში გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ბრალდებულებს უთხრეს, რომ პროცესი, სადაც მოსამართლე მათი აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობდა, გადაიდო.

  • არადა, რეალურად სხდომა ირაკლი ხუსკივაძემ სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით გააგრძელა და უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. 

მეტიც, ზვიად ცეცხლაძე "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილით იტყობინება, რომ სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ არათუ მისი თანხმობა არსებობდა, არამედ ინფორმირებულიც კი არ იყო. 

სასამართლოდან პროტესტის ნიშნად გავედით. შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. დროებით საკანში გადაგვიყვანეს და ალბათ, ასე 40 წუთში დაგვაბრუნეს ციხეში. გვითხრეს, რომ სასამართლო გადაიდო. ისიც კი არ უთქვამთ, რომ სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს. ჩემი მხრიდან თანხმობა არ ყოფილა, სახაზინო ადვოკატიც ორდერის გარეშე შეუშვეს. 

თავად სახაზინო ადვოკატი კარგი პიროვნება ჩანს, თუმცა სასამართლოს მხრიდან ეს იყო ფორმალური პროტესტის უგულებელყოფაც. საბჭოთა მოსამართლეები უბრუნდებიან საბჭოთა ფესვებს. მსგავსი პრეცედენტების დანერგავ 1937 წლის სასამართლო სისტემამდე მიგვიყვანს", - წერს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძის მსგავსად ამავეს იტყობინება ნიკოლოზ ჯავახიშვილიც, რომელიც "პირველებს" გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება სურდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. 

როგორც კი სასამართლო დარბაზიდან გამოვედით იმის გამო, რომ იყო უჰაერობა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იჯდა, ცუდად გახდა, ჩვენ მაქსიმუმ ნახევარ საათში გადაგვიყვანეს ციხეზე მიუხედავად იმისა, რომ დარბაზის შეცვლის შემთხვევაში, მსურდა მეც და სხვებსაც ჩვენს პროცესში მონაწილეობის მიღება, რისი შესაძლებლობაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ მოგვცა", - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი. 

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება 11 იანვარს მიიღო.

  • მანამდე კი სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს, რომლებიც სასამართლოს დერეფნებში ისხდნენ და დაკავებულების საქმეებს სწავლობდნენ. პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა პროტესტის ნიშნად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებული - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა.
  • სხდომის განახლების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო - მობილიზებულ მანდატურებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს აძევებდნენ.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.