"ტვ პირველის ოპერატორს უფლებები არ გააცნეს, ლაშას მისამართით იყო მუქარა, აქვს სისხლჩაქცევა" - ადვოკატი

19.02.25 10:05
"ტვ პირველის ოპერატორს უფლებები არ გააცნეს, ლაშას მისამართით იყო მუქარა, აქვს სისხლჩაქცევა" - ადვოკატი

ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ზაჰესის იზოლატორში ტვ პირველის ოპერატორი მოინახულა. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული, ასევე მის მისამართით იყო მუქარა.

ადვოკატის თქმით, ოპერატორმა დაკავებისას მიიღო დაზიანება, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი.
ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! 
 უფლებები არ გააცნეს.
სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
 არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
 დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები".- წერს თორნიკე მიგინეიშვილი. 

ადვოკატმა გუშინ გვიან ღამით ასევე კომენტარი გააკეთა მედიასთანაც. 

„საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა და რაიმე სახის ძალადობას, არც არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია დაკავების მომენტში. მანქანაში გადაყვანის დროს აქვს მხოლოდ სისხლჩაქცევა მიღებული მარცხენა მხარეს, მთელი გზის განმავლობაში ეკავა ერთ პიროვნებას მისი ხელი. სცადეს ასევე ტელეფონზე პაროლის მოხსნა და ტელეფონის ნახვა.
სამწუხარო ფაქტია, რომ დაგვიმალეს, სად იყო რეალურად ეს ადამიანი. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში, სადაც მეც დავრეკე და დამიდასტურეს, რომ არც მუხიანის მთავარ სამმართველოში და არც მეორე სამმართველოში არ იყო, როდესაც რეალურად იქ იყო და თავისი ყურით ისმენდა ამ ინფორმაციას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხმა, ტელევიზიამ და ყურადღებამ გადაარჩინა ადამიანი, რომ არ გახდა ძალადობის კიდევ ერთ-ერთი მსხვერპლი.
უკანონოდ ედავებიან კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსურდი. არანაირ კანონიერ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია". – განაცხადა მიგინეიშვილმა.

გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები