ტრაგედია ფუნიკულიორზე - 28 წლის ბიჭი ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა

25.03.25 20:13
ტრაგედია ფუნიკულიორზე - 28 წლის ბიჭი ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ასობით ადიამიანი სურათის გადასაღებად, შედის ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული, მაგრამ გომელურის უწყებაც და მერიაც ამ ამბავს მალავდნენ.  

შენობა, რომლის იატაკი ჩავარდა და კედლები ჩამოინგრა, მერიას არ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, ეს ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებასთან გამიჯნული არ არის და ის ხშირად ტურისტების თავშეყრის ადგილიც ხდება, თუმცა ადგილზე არც ამკრძალავი ნიშანი და არც ღობეა. 

მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ, - ამბობს დაღუპულის ოჯახის ახლობელი.

თბილისის მერია ტრადიციულად თავის მართლების რეჟიმშია. ამბობენ, რომ ფანჩატური, რომელიც ჩაინგრა, მათ საკუთრებაში არ არის და შესაბამისად, ამაზე არც პასუხისმგებლობას იღებენ. 

სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია გააქტიურებული უნდა იყოს და ზედამხედველობა განსაკუთრებით იმ ადგილებში უნდა იყოს გამკაცრებული, სადაც ტურისტულად აქტიური ადგილებია. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენობა-ნაგებობა ეკუთვნის კერძო პირს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობა-ნაგებობა განთავსებულია ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის შემოღობილი და არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, შესაბამისად, მუნიციპალურ ინსპექციას გაფრთხილებული უნდა ჰყავდეს, მინიმუმ, შენობის მეპატრონე, რომ მოიყვანოს შენობა ისეთ სტანდარტებში, რომ ეს შენობა არ გახდეს სიცოცხლისთის საშიში. ეს უნდა იყოს შემოღობილი. შიგნით შეღწევა არ უნდა იყოს გამარტივებული, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები. ამ ყველაფერზე მინიციპალურმა ინსპეციამ უნდა აცნობოს კერძო კომპანიას და არშესრულების შემთხვევაში, მუნიციპალურ ინსპექციას აქვს იმის ბერკეტები, რომ კომპანია დააჯარიმოს ან შენობა-ნაგებობა დააშლევინოს, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

გამომდინარე იქიდან, რომ შსს "ტვ პირველთან" არ თანამშრომლობს, სხვა დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.