ქვეყანაში შესაძლოა, ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყოს

07.04.21 15:51
ქვეყანაში შესაძლოა, ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ჩინური ,,სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო  და ევროპის წამლების მარეგულირებლის აღიარება არ აქვს, მისი მოხმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ეკატერინე ტიკარაძე მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.  იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე  ასევე გადაწყდა, რომ ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთვებიან. შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი, რომელზეც აცრის მსურველები დარეგისტრირდებიან.

იყო საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შევჯერდით, რომ განვიხილავთ დამატებით შემდეგ კვირაში. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა ,,სინოფარმის" გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი, - ამბობს ტიკარაძე.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ  სპეციალისიტებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა, დაწესდეს.