ამ თვეში შემოვა ასტრაზენეკას დოზები, მივიღეთ ნოვავაქსის შესყიდვის შემოთავაზებაც-ამირან გამყრელიძე

02.03.21 13:02
ამ თვეში შემოვა ასტრაზენეკას დოზები, მივიღეთ ნოვავაქსის შესყიდვის შემოთავაზებაც-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო ვაქცინას ამ თვეში მიიღებს, ამისთვის NCDC-მ უკვე გადარიცხა 575 ათასი აშშ დოლარი.

ვაქცინის შემოსვლა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დააანონსა.

„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, -თქვა  გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას დაპირისპირება აქვს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან.