ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება

12.03.21 16:58
 ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადებას UNICEF ავრცელებს

საქართველოში COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია 43 200 დოზა ჩამოვა.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა - აღნიშნულია  UNICEF - ის განცხადებაში.

 ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინის შემოტანამ 1 კვირით გადმოიწია და 22 მარტის ნაცვლად პირველი დოზები შაბათს ჩამოვა. პირველ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა და მოსალოდნელია, რომ მეორე Pfizer-ის დოზები იყოს.