როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე? - რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა?
2008 წლის ომიდან 18 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს - კვლევას "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია - შენელებულია ეკონომიკური ზრდა, საწვავის ბაზარზე არასტაბილურობაა, ფედერალურ ბიუჯეტში მზარდია დეფიციტი, ამას ემატება Wildberries-ის ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საბანკო სექტორის რისკები, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის დამატებითი სასანქციო პაკეტები.
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე კვლავ მაღალია და ზოგიერთ სტრატეგიულ სექტორში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიან საგარეო ვაჭრობაში მისი წილი 11.8% იყო. სასურსათო უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმართულებით საქართველო პრაქტიკულად ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 92%, ფქვილის 98.5% და მზესუმზირის ზეთის 70%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა. ასეთ პირობებში რუსეთის მიერ ექსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა ან ბაზარზე შექმნილი კრიზისი საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე პირდაპირ აისახება. რუსეთი ნავთობპროდუქტების იმპორტშიც დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს.
2026 წლის იანვარ–ივნისში საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 40.5% რუსეთზე მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შიდა საწვავის კრიზისი, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ან ახალი სანქციები საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ინფლაციაზე პირდაპირ მოქმედებს. ქართული ღვინო კვლავ სახიფათოდ არის კონცენტრირებული რუსეთის ბაზარზე. ღვინის ექსპორტიდან შემოსავლის 59.7% ერთი ქვეყანიდან შემოდის.
ეს ეკონომიკურ რისკთან ერთად პოლიტიკური ზეწოლის პოტენციურ ბერკეტსაც ქმნის, რაც საქართველომ 2006 წლის ემბარგოს დროს უკვე გამოცადა. რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. 2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 16.6% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო ფულადი გზავნილებიდან რუსეთის წილი დაახლოებით 12% იყო.
მიუხედავად დასავლეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს როლის მნიშვნელოვნად (ჯამურად 62%დე) გაზრდისა, ეს კვლავ მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს მიმართ იზრდება საერთაშორისო ყურადღება რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკების გამო. 2026 წლის 23 ივლისს მიღებული ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი შეეხო რუსეთის ფინანსურ და კრიპტოარხებს, „ჩრდილოვან ფლოტს“ და მესამე ქვეყნებში მოქმედ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს.
კულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ექვს თვეში უნდა ამოქმედდეს. ეს უკვე არა მხოლოდ რეპუტაციული რისკი, არამედ საქართველოში მოქმედი მსხვილი ეკონომიკური ობიექტის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციური ზომაა. თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ 2026 წლის ივლისში სანქცირებული Inter RAO-ს ჯგუფთან დაკავშირებული აქტივია. ამან, პერსპექტივაში, შესაძლოა გაართულოს ჯგუფის ფინანსური ოპერაციები და ეს აისახოს თელასზეც. შესაბამისად, გაზრდილია ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. საქართველოს რუსეთის ეკონომიკა სისტემური პრობლემების წინაშეა. ეკონომიკური ზრდა 0 1%-მდე შენელდა, იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაცია, საწვავის ბაზარზე არასტაბილურობა და საბანკო სექტორის რისკები.
ასეთ პირობებში რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოს საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის. 2014–2015 წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს საფრთხეები თეორიული არ არის. მაშინ რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში გამოიწვია ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების შემცირება, ეკონომიკური ზრდის შენელება და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორადაც იქცა. დღეს საქართველოს დამოკიდებულება რიგ სექტორებში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იმ პერიოდში. დოკუმენტში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი. იგი მოიცავს ვაჭრობას, ენერგეტიკას, სასურსათო უსაფრთხოებას, ტურიზმს, ფინანსურ ნაკადებსა და სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ რეპუტაციულ რისკებს. ამ ფაქტორების ერთობლიობას საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება სახიფათო ზღვარზე გაჰყავს"- ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევა სრულად ნახეთ აქ