ახმეტაში კაცი მოკლეს - დაჭრილია სავარაუდო დამნაშავეც

ახმეტის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს - ოფიციალური ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილია სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა"- აცხადებენ შსს-ში
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.