წყარო: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ს რამდენიმე წყარო უდასტურებს.
წყარო ძალოვენებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ ხელბორკილები საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს დღეს, რამდენიმე საათის წინ დაადო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულს სავარაუდოდ შემხებლობა ჰქონდა მკვლელობის იარაღთან.
საჯარო წყაროებში, ბოლო დღეებია, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღი, რომლითაც "კანონიერი ქურდის" ძმა ჩაცხრილეს, კონკრეტულ პირს ეკუთვნოდა.
ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც 55 წლის ბიზნესმენი მოკლეს, თბილისის ერთ-ერთ კრიმინალურ ბანდას გადასცეს.
- TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა გასულ შაბათს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრები გაასაჯაროვა, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული.
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.