ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული არიან - 1993 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ს.ს., 1973 წელს დაბადებული თ.ნ., 1968 წელს დაბადებული კ.ქ. და 1965 წელს დაბადებული დ.მ.
დაკავებულებს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან კი ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები"- წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.