თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმე - ოჯახი გიორგი პაპაშვილის რუსეთიდან ექსტრადირებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

05.06.25 12:18
თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმე - ოჯახი გიორგი პაპაშვილის რუსეთიდან ექსტრადირებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

23 წლის თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობა თბილისში - საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს იმ პირების პროცესია, რომლებსაც სასამართლო დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძების ინფორმაციით, 20 წლის ლუკა გვენეტაძე, 21 წლის ვერიკო კაპანაძე და 20 წლის საბა რობაქიძე სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, თუმცა მომხდარის შესახებ არცერთ მათგანს არ შეუტყობინებია შესაბამისი ორგანოსთვის.  როგორც ირკვევა, მათგან ორი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

  • საქმე ეხება ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობას. არსებული ინფორმაციით, 34 წლის გიორგი პაპაშვილმა 23 წლის თაზო მთივლიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ცემით მოკლა.
  • საქმეში დევს ანგარიშსწორების ამსახველი უწყვეტი კადრები, რომლებიც გამოძიებამ ერთ-ერთი რესტორნიდან ამოიღო. 
  • გიორგი პაპაშვილთან ერთად სამართალდამცველები ეძებდნენ 30 წლის ბაირამ ალი გუსეინოვსაც - მეშაურმეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა.

სასტიკად მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი, მკვლელობაში მხილებული გიორგი პაპაშვილის რუსეთიდან ექსტრადირებას და დამნაშავეების დასჯა ითხოვს.

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ სწრაფად მოხდეს პაპაშვილის ექსტრადირება და ბაირამას ძებნა. მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ 15 000 ლარი გადავიხადოთ გირაოს სახით, რომელიც სახელმწიფოს წაადგება. და ჩემი თაზო, რომელიც 23 წლის მომიკლეს, ჩემი შვილიშვილი, ის რომ ჯარში იყო და ქვეყანას და სამშობლოს გამოადგა, ახლა რამდენ რამეს გამოადგებოდა, რამდენ რამეს წაადგებოდა. არც უნდა ეთქვა ეგ იმ ადვოკატს, რომელმაც თქვა - ამბობს მოკლული მამაკაცის ბებია.

თაზო მთივლიშვილის ოჯახის განმარტებით, თავად მკვლელობაში ბრალდებული პაპაშვილიც ითხოვს საკუთარ ექსტრადირებას.

მიეცეს ყველას სამუდამო, იმიტომ, რომ ხუთივე ადამიანი არის მკვლელი და აქ არ არის გამოყოფილი ერთი. ხუთივე იგივე მკვლელია და მეექვსე დედამისი, რომელიც დაეხმარა გაპარვაში. მოვითხოვ, რომ მისი ექსტრადირება დროულად მოხდეს და არ გაჭიანურდეს ეს ყველაფერი დიდხანს. ასე ამბობს, რომ ჩამოვალ და ყველაფერს სიმართლეს ვიტყვიო და რა სიმართლეს იტყვის და რას იტყვის ჩვენც რა თქმა უნდა გვაინტერესებს", - აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.