"ოცნების" ჩინოვნიკმა 27 წლის ბიჭს ესროლა - მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

21.06.25 20:09
"ოცნების" ჩინოვნიკმა 27 წლის ბიჭს ესროლა - მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქართული ოცნების" ჩინოვნიკმა 27 წლის ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ირკვევა, რომ ნიკოლოზ ფრანგიშვილზე შეირაღებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებული, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ქუთათელაძეა.

მსხვერპლის დედა, სოფია ერგემლიძე ირწმუნება, რომ კონფლიქტი მის შვილებსა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკის ოჯახის წევრებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქალი ამტკიცებს, რომ ზამთარში მისი უმცროსი შვილი ლაშა დანით დაჭრეს - ამ თავდასხმის  უკან კი ყოფილი პოლიციელის ქუთათელაძის შვილები იდგნენ.

ერგენლიძის ინფორმაციით, ახალმა კონფლიქტმა  ფრანგიშვილებსა და ქუთათელაძეების საცხოვრებლის სიახლოვეს, ვაშლიჯვარში გასულ კვირას იფეთქა. "შაბათის ეთერის" რესპონდენტის თქმით, დავაში "ქართული ოცნების" მოქმედი ჩინოვნიკი და პოლიციის ყოილი მაღალჩინოსანი ჩაერთო.

დაჭრილის დედის მტკიცებით, ნუგზარ ქუთათელაძემ ძმებ ფრანგიშვილებს ჩასაფრება მოუწყო და ესროლა.

ფრანგიშვილი და მისი ძმა სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ, ნიკოლოზ ფრანგიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.  დაჭრილის დედა ამბობს, რომ ერთი გასროლის შემდეგ, თავდასხმელმა იარაღი მის შვილს ხელმეორედ დაუმიზნა,  შუბლში სროლას გეგმავდა, მაგრამ პისტოლეტმა უმტყუნა.

27 წლის მამაკაცზე თავდასხმაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - არაერთი ხმაურიანი საქმის მოსამართლე, ნანა შამათავამ ყოფილ პოლიციელს ციხის ნაცვლად 60 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. 

ნუგზარ ქუთათელაძე ბოლო დღემდე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა - ამ თანამდებობამდე ის,  წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანი იყო. 2016 წელს ის იმერეთის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

დაჭრილი ნიკოლოზ ფრანგიშვილის დედა ახლა სააპელაციო სასამართლოს მოლოდინშია. სწორედ მეორე ინსტანციამ  უნდა გადახედოს პირველის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, დაზარალებული მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მისი ვაჟების უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი თქმით, ბრალდებული თავისუფალია და არსებობს დანაშაულის გამეორების რისკი.

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ნატა ქაჯაია დეტალებით