სპეცოპერაცია თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - ამოღებულია 2 კილოგრამამდე“მეთადონი”

თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეთადონია” ამოღებული - განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ გააკეთა.
ბრიფინგიდან გაირკვა, რომ სპეცოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს.
შსს-ის ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასაღების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - სამი პირი დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასოებული - 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს.
ფოტო: არქივი