საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - რა ჩანს აეროგადაღების კადრებში

07.07.25 13:03
საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - რა ჩანს აეროგადაღების კადრებში

 

 

საგარეჯოში, ჯაფარიძის ქუჩაზე ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. აეროგადაღების კადრებში რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მობილიზებაა ეზოში,  ფანჩატურის ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მცდელობა სწორედ ამ ფანჩატურში მოხდა. 

პარალელურად, სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ რომ სუიციდის მცდელობამდე  თორნიკე რიჟვაძემ წერილი დაწერა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის ტანსაცმელში იპოვეს ექიმებმა. 

თუ სამთავრობო მედიით გავრცელებულ წერილს დავეყრდნობით, რიჟვაძეს "ბარიგების" მფარველობას  "აბრალებენ". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. 

მსგავსი სიახლეები