ე.წ. ქუჩური გარჩევა არასრულწლოვანების მონაწილეობით - მოზარდი მიტოვებულ შენობაში წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ

08.07.25 10:54
ე.წ. ქუჩური გარჩევა არასრულწლოვანების მონაწილეობით - მოზარდი მიტოვებულ შენობაში წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ

ე.წ. ქუჩური გარჩევა არასრულწლოვანების მონაწილეობით - პოლიციამ მოზარდის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, წარსულში ნასამართლევი 30 წლის კაცია. 

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თანატოლი მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ამჟამად დაკავებულები დახვდნენ. 

შსს-ის ცნობით, ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები