გორში სამი პოლიციელი დაჭრეს
გორში სამი პოლიციელი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციელებს თავს მიმდინარე წლის 15 ივლისს, სოფელ ხელთუბანში მაშინ დაესხნენ, როცა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ავტომბილით მოძრაობის დროს გადამწომების მზინით გააჩერეს, ფაქტს კი მოზარდის ახლობლების გაღიზიანება მოჰყვა.
შსს წერს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რამდენიმე მოქალაქე დაესხა თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
ირკვევა, რომ პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, 16 წლის მოზარდი.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება 7-დან 15 წლამდე პატიმრობით.
თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.
პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციელებზე თავდასხმის თითოეულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი, უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება.