სავარაუდო ბიზნეს რეკეტი გორში და დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა - დაკავებული ბიზნესმენი პატიმრობაში გაუშვეს
სისხლიანი გარჩევით დასრულებული, სავარაუდო ბიზნესის რეკეტი გორში - დაკავებულია სასურსათო მაღაზიების ქსელის მფლობელი ვახო აბულაძე, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედევება გამოძიება. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, აბულაძეს სახლში მიაკითხეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულმა სამმა პირმა და მისგან ფულის გამოძალვა სცადეს. დაპირისპირება კი იარაღით გარჩევაში გადაიზარდა - შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა.
საქმეზე კიდევ სამი პირია დაკავებული. ორი მათგანის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაჭრილი მეგობარი კლინიკაში მიიყვანა, მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორის, ია მეფარიშვილის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვთ წაყენებული.
ბრალი აქვს წარდგენილი 376-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა.
კონკრეტულად დღევანდელ სასამართლოზე იხილებოდა 2 ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიება, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.
დასაბუთება ბრალდების მხარის, ორივე ბრალდებულთან მიმართებაში, რის გამოც უნდა გამოყენებულიყო თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში პატიმრობა, გაზიარებული იქნა სასამართლოს მხრიდან," - აღნიშნა პროკურორმა.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რომ ბრალდებულები შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და იცოდნენ, რომ იქ დანაშაული მოხდა.
რეზო რევაზაშვილისგანცხადებით, ბრალდება იმაზეა დამყარებული, თუ რატომ არ დარეკა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა 112-ში, რაც მისი თქმით, "საფუძველს და აზრს მოკლებულია".
რომ დავუშვათ კიდევაც, ერთი წუთითაც კი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის გარემოებებს არ ვეხები, არ ჰქონდა არც შესაძლებლობა და არც ცოდნა იმისა, რომ ზუსტად ის დანაშაული ხდებოდა, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიით, ხდებოდა ზუსტად იმ მომენტში.
აქედან გამომდინარე, ბრალდება იმაზე არის დაფუძნებული, მან რატომ არ დარეკა 112-ში, თავისთავად ცხადია, საფუძველს და აზრს მოკლებულია.
ადგილზე, ბრალდების მხარის ვერსიითვე იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ არამარტო შესაძლებლობა, არამედ უნდა ჰქონოდათ ცოდნაც იმისა, თუ რა მოხდა. თუმცა არცერთ მათგანს 112-ში არ დაურეკავს და არცერთი მათგანისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ," - განაცხადა რეზო რევაზაშვილმა.
კიდევ ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაასაჩივრებენ.
საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა, ფაქტის დროს, შემთხვევის ადგილას და იყო შემსწრე და მას უნდა სცოდნოდა, რომ ჩადენილი იყო დანაშაული.
ამის მიუხედავად, გამოყენებულია პატიმრობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომელსაც გავასაჩივრებთ კანონით გათვალისწინებულ ვადებში," - თქვა თამარ თედლიაშვილმა.