საქართველო საერთაშორისო ნარკოტრაფიკის სკანდალში - როგორ შემოვიდა 290 კილოგრამი "ჰეროინი" ქვეყანაში
საქართველო საერთაშორისო ნარკოტრაფიკის სკანდალში ეხვევა - "შაბათის ეთერმა" 85 მილიონი დოლარის ღირებულების „ჰეროინის“ საქართველოში შემოტანის საქმეზე კრიმინალური პოლიციის დოკუმენტები მოიპოვა. დოკუმენტებით დასტურდება, რომ აგურის საფასადე მასალებით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოში ორი საბაჟო კონტროლი ისე გაირა, რომ 290 კილოგრამი ნარკოტიკი მებაჟეებმა ვერ შეამჩნიეს.
- "შაბათის ეთერმა" დასვა კითხვა - ნარკოტიკების საქართველოს გავლით სომხეთიდან ნიდერლანდების სამეფოში გადატანას მფარველები ჰყავდა, თუ სისტემა ისე არის მოშლილი, რომ კონტროლს ვერ ახორციელებს?
საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმე გახსნილად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკებით სავსე ტრაილერის შემოსვლიდან მეცხრე დღეს გამოცხადა. თუმცა ამ განცხადებაში მინისტრის მოადგილეს არაფერი უთქვამს, როგორ გაიარა საქართველოში მკვლელი ნივთიერებით სავსე სატვირთომ მინუმუმ ორჯერ საბაჟო შემოწმება.
ახლა ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს სპეცოპერაცია ორი გავლენიანი კლანის დაპირისპირების შედეგი, როდესაც საბაჟო პუნქტების ერთი ნაწილში ტვირთების გატარების საქმე "დაალაგეს" და ბოლოს ბათუმმა უმტყუნა.
საქართველოს პროკურატურას ახლა საქართველოს გავლით სომხეთიდან ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკების გადატანის საქმეზე, ერთადერთ კაცი ჰყავს დაკავებული - ტრაილერის პენსიონერი მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 65 წლის მძღოლი მსხვერპლია.
- ტრაილერის მძღოლი წლების განმავლობაში ტვირთების გადამზიდ კომპანია „რილში“ მუშაობდა. კრიმინალური პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში კაცი იხსენებს, რომ 5 ივნისს, ერევანში ბელგიიდან ჩავიდა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, როდესაც კომპანია „რილის“ დირექტორმა, რომან გელაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ერევნიდან დეკორატიული აგური იყო წამოსაღები. ჩვენების მიხედვით, მალევე, ფრიდონ მაღლაკელიძეს ტელეფონზე გადამზიდი კომპანია „თიემ გრუფის" დამფუძნებელმა, მარო ასატრიანმა დარეკა და მძღოლს სომხეთიდან 22 ტონა აგურის წამოღება და საქართველოს გავლით ნიდერლანდებში გადატანა დაავალა. მარო ასატრიანი და მისი თანამშრომლები "შაბათის ეთერთან" ამბობენ, რომ ირანული სამშენებლო მასალის გადაზიდვის დაკვეთა მათ სომხური კომპანია "glak group llc”-იდან მიიღეს, რადგან მათი მანქანა თავისუფალი არ იყო, შეკვეთა კომპანია „რილის" მძღოლთან გადაამისამართეს.
ირკვევა, რომ აგური, რომელიც ნარკოტიკებთან ერთად ტრაილერს სომხეთიდან ნიდერლანდებში, საქართველოს გავლით გადაჰქონდა, ირანული წარმოების იყო, თუმცა ის ტრაილერზე ერევანში, ბოტანიკურ ბაღთან მდებარე საწყობში დატვირთეს.
- კრიმინალური პოლიციიის მასალებში წერია, რომ აგურთან ერთად მანქანაში მოთავსებული იყო 600 კონტეინერი, ამ კონტეინერებში კი რომელსაც აგურის იმიტაცია ჰქონდა, "ჰეროინის" პაკეტები იყო.
- საქმის მასალების მიხედვით, 7 ივნისს, ტრაილერი საქართველოსკენ დაიძრა. მძღოლთან, ფრიდონ მაღლაკელიძესთან მუდმივ სატელეფონო კავშირზეა მარო ასატრიანი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციას აწესრიგებს. მიმოწერით დგინდება, რომ მძღოლი საქართველოში დაბრუნებას გუგუთის სასაზღვრო პუნქტის გავლით ითხოვს. საბოლოოდ, ნარკოტიკებით სავსე სატვირთომ 7 ივნისს ჯერ სომხეთის საბაჟო შემდეგ კი გუგუთის სასაზღვრო პუნქტი უპრობლემოდ გამოიარა. ფრიდონ მაღლაკელიძე არავის გაუჩერებია, არც შემდეგი 9 დღის განმავლობაში. ოჯახის ინფორმაციით, ის ერევნიდან თბილისში სახლში მივიდა და რამდენიმე დღე ოჯახთან დარჩა. თბილისიდან გაემგზავრა იმერეთში - ორი დღის განმავლობაში "ჰეროინით" სავსე ავტომობილით ფრიდონ მაღლაკელიძე საკუთარ სოფელში დარჩა, შემდეგ კი სტუმრად ნათესავებთან წავიდა.
- საქმის მასალების თანახმად, ამჟამად დაკავებული 14 ივნისს, ფოთის მიმართულებით საბაჟო პროცედურების გასავლელად გაემართა. სატვირთიო სკანერზე გაატარა და ბათუმის პორტში მივიდა. სანამ ბორანზე ავიდოდა, მისი ავტომობილის განსაკუთრებული წესით შემოწმება გადაწყვიტეს - მანქანა ტერმინალში გადაიყვანეს სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ნარკოტიკი.
65 წლის მძღოლი უმძიმესი მუხლით დააკავეს, თუმცა ფრიდონ მაღლაკელიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს რომ, ის სხვის ნაცვლად ისჯება რადგან არაფერი იცოდა . საქმის მასალებზე დაყრდნობით, დაკვებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ქსელს საქართველოში მფარველები ჰყავს.