ვინ არის ბათუმში ჩაცხრილული თურქი ბიზნესმენი? - მოპოვებულია თავდასხმის ამსახველი ახალი კადრები

21.07.25 17:00
ვინ არის ბათუმში ჩაცხრილული თურქი ბიზნესმენი? - მოპოვებულია თავდასხმის ამსახველი ახალი კადრები

ბათუმში, თურქი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე "ტვ პირველისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მიდის პირი, სავარაუდოდ, დაქირავებული ქილერი თურქეთის მოქალაქის, უმდიდრესი ბიზნესმენის, ჰაკი თეკინის მოსაკლავად.

კადრების მიხედვით, შეიარაღებული თავდამსხმელი რესტორან "ცივთან"  მოპედით მიიყვანეს, მას კიდევ ერთი ადამიანი, ბათუმის ცენტრში ელოდება.

კადრებით დგინდება, რომ გასროლიდან რამდენიმე წუთში, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილს ისევ მოპედით ტოვებს. 

ბათუმში 18 ივლისს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მინიმუმ ოცწლიანი პატიმრობა ემუქრება, მაგრამ ის მკვლელობას ამ დრომდე არ აღიარებს. ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საქარველოში თურქეთიდან უკანონოდ შემოვიდა. 

ორივე დაკავებული დღეს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

თურქეთის მოქალაქე ჰაკი თეკინი 18 ივლისს ჩაცხრილეს. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს - არსებული ინფორმაციით, 40 წლის ჰაკი თეკინი აზარტული ბიზნეს დავას შეეწირა. თურქული მედია, ბიზნესმენისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კავშირებზეც წერს და მათი შეხვედრის კადრებს ავრცელებს. 

მკვლელობიდან რამდენიმე საათში, მედიაში გაჩნდა ასევე თურქეთის მოქალაქის დერქან ბაშერის სახელიც - ეს ის ბიზნესმენია, რომლის თურქულ რესტორანშიც მოხდა თეკინის 5 ტყვიით მკვლელობა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე, დერქან ბაშერი 2018 წელს ონლაინ კაზინოების ფლობის გამო იყო დაკავებული, ის სასამართლომ გაათავისუფლა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა, მაგრამ ბაშერმა საქართველოში გადმოსვლა მოასწრო.  არსებობს საჯარო ცნობები, რომ ამის შემდეგ ის წითელი ცირკულარით ძებნაზე დასვეს. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - უფლებადამცველების ინფორმაციით,  გუშინ, 21 ივლისს, დერქან ბაშირს ბათუმში ცეცხლი გაუსხნეს. ამავე ცნობების თანახმად, ზღვისპირა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს თურქ მფლობელს 5-ჯერ ესროლეს. გუშინ მომდდარი კრიმინალური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დერქან ბაშერს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, მისი სასტუმროს დაცვის თანამშრომლები კი ამტკიცებენ, რომ სროლას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები