თურქი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული არავინ არ არის - ოპოზიცია ზღვისპირა ქალაქში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობს

22.07.25 11:43
თურქი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული არავინ არ არის - ოპოზიცია ზღვისპირა ქალაქში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა, ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელმაც ბათუმში, თურქი ბიზნესმენის მკვლელობა სცადა.

2 დღის წინ, დერქან ბაშირს ავტომობილიდან, 5-ჯერ, საკუთრ კაზინოსთან, ქალაქის ცენტრში ესროლეს.

გუშინ კი თურქულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ბიზნესმენი, წითელი ცირკულარითაა ძებნილი. აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს, ბათუმში, ბაშირის კუთვნილ რესტორანში ასევე თურქი ბიზნესმენი, 40 წლის  ჰაკი თეკინი ჩაცხრილეს. ამ საქმეზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. გაირკვა ისიც, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. 

ამ ფონზე "პირველებმა" ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნებს ჰკითხა, რა ეტაპზეა გახმაურებული საქმის გამოძიება ან როგორ შემოდიან ქვეყანაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები.

პოლიციის განცხადებით, საქართველოში ცხოვრება და გადაადგილება უსაფრთხოა და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. 

ოპოზიცია კი ბათუმში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილის ხელისუფლებას აკისრებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ შსს და პროკურატურა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებით არის დაკავებული, "როდესაც ადამიანებს ტყვიებს ესვრიან". 

თურქეთის ხელისუფლებისგან ძებნილი ხალხი, კრიმინალი ადამიანები ამ ქვეყნის საზღვრებს უპრობლემოდ არღვევენ. მათ შეუძლიათ მალულად საზღვარზე გადმოსვლა, იარაღის გადმოტანა, ქალაქის ცენტრში მისვლა, კრიმინალური გარჩევების იმგვარად წარმოება, როცა ადამიანებს ტყვიას ესვრიან, თან ძალიან ბევრს, ამ დროს შსს და პროკურატურა დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ოპონენტების დევნაზე. 

როცა შსს თავის ფუნქციას კი არ ასრულებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებით არის დაკავებული, ეგეთი ამბავი გვემართება, სამწუხაროდ. ამიტომ ძალიან მალე უნდა დასრულდეს," - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ბესო თებიძის თქმით, "ქართულ ოცნებასთან" შეკრული ადამიანები და მაღალჩინოსნები ქურდული გარჩევებით არიან დაკავებულები და იგივე სახელმწიფოს აშენებენ, რომელიც რუსეთში კარგად ნაცნობია. 

ეს არის "ქართული ოცნების" ის სახე და ის მშვიდობა, რაც მოუტანეს ჩვენ ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ, რადგანაც ისინი ამ სიტუაციაში, როდესაც გარეთ კრიმინალი ისე თავისუფლად გრძნობს თავს და მათ შორის, "ქართულ ოცნებასთან" შეკრული ადამიანები და მაღალჩინოსნები ქურდული გარჩევებით არიან დაკავებულები. ისინი რა სახელმწიფოს გვიშენებენ? - გვიშენებენ იგივე სახელმწიფოს, რომელიც რუსეთში კარგად ნაცნობია და ბიძინა ივანიშვილისგან სხვა არც არის მოსალოდნელი," - აღნიშნა ბესო თებიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კახა მიქელაძის განცხადებით, დღეს, სავალალოდ, ასეთი სიტუაცია მივიღეთ ქვეყანაში, რომ "წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან. 

ნამდვილად აღარ არის უსაფრთხო, ნამდვილად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩვეულებრივად გადაადგილდებიან ცირკულარით ძებნილი ადამიანები, კრიმინალები, რომლებიც შესაძლოა ტრანსნაციონალურ დანაშაულშიც კი იყვნენ ეჭვმიტანილები. მაგრამ, დღეს, სავალალოდ, ასეთი სიტუაცია მივიღეთ ბათუმსა და ზოგადად ქვეყნაში, რადგან პოლიტიკურად ძალადობის ინსტრუმენტი ე.წ. ხელისუფლების ხელში გადაიქცა სოციალურ ძალადობის მექანიზმად," - ამბობს მიქელაძე.

მსგავსი სიახლეები