ქურდობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი - რა მოხდა თბილისის აეროპორტში
გენინსპექციის თანამშრომლებმა ხელბორკილები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ძარცვის საქმეზე დაადეს. პოლიცია ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს 35 წლის თანამშრომელმა მგზავრის ოქროს ნივთი მოიპარა. პირველების ინფორმაციით, დაცვის პოლიციელს, ოქროს ორი ნაკეთობა, რომელიც მგზავრს დარჩა, დაკარგული ნივთების ოთახში ჩასაბარებლად გაატანეს, თუმცა პოლიციელმა პაკეტი გახსნა 1 ნივთი ამოიღო და მეორე შესაბამის ოთახში ჩააბარა.
არის თუ არა დაცული მოქალაქის პირადი ნივთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ეს იყო პირველი შემთხვევა, თუ საჩვენებელი დაკავება უკავშირდება ძარცვის სხვა ფაქტების პრევენციას, ამ კითხვებს ახლა პასუხი საქართველოს პროკურატურამ უნდა გასცეს აეროპორტში სრული მდუმარებაა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულ კოლეგაზე არაფერს ამბობენ.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა, არ წერია, რა ვითარებაში დაიკარგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოქროს ნაკეთობები. დაცვის პოლიციის დაკავებულ თანამშრომელს ბრალის დადგენილებას ხვალ გააცნობენ, დაკავებული დუმს. მისი უფლებადამცველი ამბობს რომ მედიასთან ქურდობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის ინტერესებიდან გამომდინარე არ ითანამშრომლებს.