მეზობლის მკვლელობასა და პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
ქარელში მოკლული 50 წლის ზურაბ იმერლიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული - მკვლელობისთვის დაკავებული ზვიად ნოზაძის სახლთან კი, პოლიციაა მობილიზებული, რადგან როგორც ადგილზე ამბობენ, არსებობს შურისძიების რისკი. მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებული კაცი ხშირად სანადიროდ დადიოდა და იარაღიც ამიტომ ჰქონდა სახლში.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, რადგან საფრანგეთიდან ერთი დღის დაბრუნებულ კაცთან ზვიად ნოზაძეს არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.
მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა, რომელიც საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული, რადგან გულის პრობლემები ჰქონდა.
მკვლელობა ქარელში რამდენიმე საათის წინ, მოხდა. კაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობები სიდედრის ორმოცის სუფრაზე მაიყენეს.
საქმის მასალების თანახმად, დაკავებულმა ადგილზე გამოძახებულ პოლიციასაც გაუხსნა ცეცხლი - სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.