მეზობლის მკვლელობამდე კაცმა მოხუც მამაზეც იძალადა - ქარელში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
მკვლელობის და პოლიციელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული კაცი, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ზვიად ნოზაძე საკუთარ სასამართლო პროცესზე განსასჯელის სკამიდან ამტკიცებდა, რომ სისხლიანი მოვლენები ფრაგმენტულად ახსოვს.
ქარელში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების ფაქტზე უვადო მუხლით დაკავებული კაცის წინააღმდეგ ახლა მთავარი მტკიცებულება ის სანადირო თოფია, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, ნოზაძემ ჯერ სუფრაზე მეზობელი, 50 წლის ზურაბ იმერლიშვილი ჩაცხრილა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ვიდრე საფრანგეთიდან სიდედრის ორმოცზე ჩამოსულ კაცს მოკლავდა, ნოზაძემ ოჯახში იძალადა და მოხუც მამას ფიზიკურად გაუსწორდა.
დაცვის მხარე ნოზაძისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს.
მას ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, პოლიციელის ავტომობილის თავდასხმასა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე. დანაშაული მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობის მოტივი, ეს არის შურისძიება, რომელიც შელაპარაკების შედეგად წარმოიშვა"- აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი.
მკვლელობა და პოლიციელებზე თავდასხმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მოხდა.