დაკავებულია ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური

17.09.25 14:14
დაკავებულია ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური

"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაკავებულია.

  • tv pirveli-ს გადამღები ჯგუფი ოლიმპიური ჩემპიონის სახლთან რამდენიმე საათია მუშაობს და დეტალების გარკვევას ცდილობს. 

"ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებიან. უფრო კონკრეტულად, როგორც "პირველებმა" გაარკვია, "ოცნების" ყოფილი წევრი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის რამდენიმე საათის წინ, დილის საათებში დააკავეს. [დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე].

ცნობისთვის, ზვიადაური ჯერ "ოცნების" დეპუტატი იყო, შემდეგ კი "ქართულმა ოცნებამ" ის გაზისა და ნავთობის კორპორაციაში დაასაქმა. 

შეგახსენებთ, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, რომელიც რამდენიმე წლის წინ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, მალევე 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ მაშინ ჩამოართვა მას თელავის რაიონული სასამაღტლოს მოსამართლემ იარაღის ტარების უფლება. 

ზვიადაურს, რომელმაც 2004 წელს საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობა ედავებოდნენ.

მსგავსი სიახლეები