საქართველოში 58 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი აზერბაიჯანიდან შემოვიდა - ახალი დეტალები ფულის გათეთრების საქმეზე

17.09.25 19:07
საქართველოში 58 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი აზერბაიჯანიდან შემოვიდა - ახალი დეტალები ფულის გათეთრების საქმეზე

665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე ახალი, სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ განაცხადა, საქართველოში 58 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი  აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რომლის კონვერტაციაც სავალუტო ჯიხურში მოხდა.

უფრო კონკრეტულად, პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოტანილი 59 მილიარდი რუსული რუბლის კონვერტაციის შედეგად მიიღეს 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო.

ამასთან,  სასამართლოზე პროკურორის მხრიდან დასახელდა კიდევ ერთი სახელი - ელდარ ჰუსეინოვი, რომელიც უწყების მტკიცებით, ბრალდებულთან ერთად მოქმედებდა.

რაც შეეხება კახა კოტორაშვილს, 49 წლის კაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

ცნობისთვის, "პირველებმა" დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია "ფინის" 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.

"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები. 

მსგავსი სიახლეები