გიორგი კანდელაკი მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი - ბრალდებულ თენგიზ გულორდავას ადვოკატი
ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული თენგიზ გულორდავას ადვოკატი ამბობს რომ გულორდავა სხვა ბრალდებულებს საერთოდ არ იცნობს და ამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონი კრივში მხოლოდ ტელევიზორში ჰყავს ნანახი.
მისივე მტკიცებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და "საერთოდ გამორიცხავს, რაიმე სახის შეხებას დაკავებულებთან".
მხოლოდ ტელევიზორით და სახელი და გვარით თუ იცნობს ამ პიროვნებებს და ისიც ყველას არა, რა თქმა უნდა. ბორია გოგიჩაიშვილს, [ გორის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"] ნამდვილად არ იცნობს.
გიორგი კანდელაკი, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, სახელგანთქმული ადამიანი, მხოლოდ ტელევიზორით აქვს ნანახი.
თენგიზ გულორდავა საკუთარ სახლში, საგურამოში დააკავეს. მის საცხოვრებელში არც ჩხრეკა ჩატარებულა. სრულ გაუგებრობაშია.
საწარმოსთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით საქმის მასალებს. საინტერესოა, როგორ უნდა დაგვიდასტუროს ბრალდებამ, გამოშვება, შენახვა ან გადაზიდვა, რეალიზაცია, როდესაც მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ აესებობს" - აღნიშნავს უფლებადამცველი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. სამართალდამცავებმა უაქციზო სიგარეტების საწყობიც აღმოაჩინეს.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაწერა, რომ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.მალევე გაირკვა, რომ დაკავებულთა შორის, გიორგი კანდელაკიცაა.
- მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
დაკავებულები არიან:
- გიორგი კანდელაკი - ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი
- ბორის გოგიჩაიშვილი - ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,
- ქართლოს ჯალაბაძე - გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა
- გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.
- თენგიზ გულორდავა