სპეცოპერაცია Holiday Inn-ში - შეიარაღებული პირი დააკავეს

25.09.25 15:50
სპეცოპერაცია Holiday Inn-ში  - შეიარაღებული პირი დააკავეს

პირი, რომელიც Holiday Inn-ში მოქალაქეს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრებოდა, დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე."- წერია უწყების განცხადებაში. 

ოფოციალური განცხადების გავრცელებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმაც. 

ვაჟა სირაძის თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ იტყვის იარაღი არის თუ არა ამოღებული.

შეტყობინებაში როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, სავარაუდოდ გასროლის ხმა გაიგეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარებას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული “, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კითხვაზე მარტო იმყოფებოდა თუ არა დაკავებული პირი, სირაძემ აღნიშნა, რომ „დიახ, მარტო იმყოფებოდა“.

შენიშვნა: ბრალდებულის დაკავების კადრებს "ფორმულა" ავრცელებს

მსგავსი სიახლეები