1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს - ტურისტული კომპანიის თანამშრომლები დააკავეს
პროკურატურამ ტურისტული კომპანიის თანამშრომლები დააკავა. სმაილ თრეველის წარმომადგენლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, ტურისტული კომპანია მოგზაურობის მსურველებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობდა. ფულს იღებდა, მაგრამ მოქალაქეები ნაყიდი მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეში დევს 200 მდე დაზარალებულის ჩვენება.
მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია სულ 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯია-ს“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.