ორგანიზებული ჯგუფი მერძევეობის დარგის სუბსიდირებიდან ₾4.1 მილიონს უკანონოდ დაეუფლა – საგამოძიებო

27.10.25 17:46
ორგანიზებული ჯგუფი მერძევეობის დარგის სუბსიდირებიდან ₾4.1 მილიონს უკანონოდ დაეუფლა – საგამოძიებო

ორგანიზებული ჯგუფი მერძევეობის დარგის მოდერნიზების თანადაფინანსების პროგრამის 219 ბენეფიციარის მოტყუებით 4 111 054 ლარს უკანონოდ დაეუფლა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცადეს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

გამოძიება ამტკიცებს, საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ პროგრამით. ჯგუფმა მათ გრანტის გარანტირებული მიღება და დოკუმენტაციის მოწესრიგება შესთავაზა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვა და გამოართვა გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.

გამოძიებით დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, დანარჩენი 4 111 054 ლარი კი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლდნენ.

ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე გრანტები მიითვისა სხვა პროგრამებიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამიდან, საერთო ჯამში 1 559 739 ლარი. დანაშაულის მისაღწევად, ჯგუფმა გამოიყენა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.

ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ნაწილი უკვე დადასტურებულია: 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლება და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ ეტაპზე საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და ყოფილი თანამშრომელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე, 362-ე და 194-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები