მანჩო გიორგობიანის საქმის ფარგლებში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

07.11.25 13:05
მანჩო გიორგობიანის საქმის ფარგლებში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

"ოცნების" მხარდამჭერის მანჩო გიორგობიანის საქმის ფარგლებში დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ჯაკო ჩარკვიანს უწყება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. 4 პირს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. 

  • ჯაკო ჩარკვიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, ხოლო ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც 6 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა [საუბარია ჯაკო ჩარკვიანზე] მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელი სახლის სარდაფში ინახავდა 2 ცალ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - 110 ცალ ვაზნას, რაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად 5 ნოემბერს ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები