სუს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, ყალბი დოკუმენტაციაის დამზადების ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები - ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები, სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით"- წერს სუსი.