28 წლის კაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება - რას შეეწირა თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთი შეფი?
ერთი წელია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ოჯახი 28 წლის ლევან სულაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელმაც აეროპორტში მაღალ თანამებობაზე 6 წელი იმუშავა, თბილისის ზღვაზე 2024 წლის 7 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს.
- სულაშვილი წლების განმავლობაში მგზავრების და ბარგის შემოწმებას აკონტროლებდა. მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს უნდა გამოევლინათ, აეროპორტში ნარკოტიკის, ასაფეთქებელი ან რაიმე საეჭვო ნივთების შემოტანა და გატანა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მის საქმიანობას უკავშირდება.
- ოჯახი დარწმუნებულია, რომ კაცი, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოებას აკონტროლებდა, ბევრი ინფორმაციის მფლობელი იყო. მათივე თქმით, ლევან სულაშვილის ხელში გადიოდა, ყველა ჩამოსული მაღალჩინოსნის ბარგი, მას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, ვის და რა შემოჰქონდა ქვეყანაში.
გარდაცვლილის დედა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვიდრე ოჯახს ეტყოდნენ, რომ 28 წლის კაცმა სიციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შვილმა უთხრა, რომ სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა და პოსტის დატოვებას აპირებდა.
დედასთან გამხორციელებული სატელეფონო ზარიდან, რამდენიმე საათში კი ოჯახს შეატყობინეს, რომ სპეცსამსახურების 28 წლის თანამშრომელის ავტომობილი თბილისი ზღვაზე გამვლელმა ნახა - კაცი მისივე ავტომობილში იყო გარდაცვლილი. მანქანაში იდო 28 წლის კაცის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.
ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ სულაშვილების დარწმუნება პირველივე წუთებში დაიწყო, რომ 28 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია მათთვის საეჭვოპირველივე წუთიდან გახდა.
- მათი თქმით, 7 ნოემბერს როდესაც ლევანის ცხედარი თბილისის ზღვაზე პრაქტიკულად მიუვალ ადგილზე იპოვეს, წვიმდა და ძლიერი ქარი იყო. მოწმე კი ვინც 112-ში დარეკა და პოლიციას ინფორმაცია მიწოდა, ამბოდა, რომ მას ცხედარი არ უნახავს და მისი ყურადღება გაჩერებულმა ავტომობილმა მიიქცია.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, გამოძიებამ ლეგენდა შექმნა, რომ ლევან სულაშვილს ვალები ჰქონდა და აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
- თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, საკუთარ მანქანში მკვდარი ერთი წლის წინ იპოვეს, თუმცა ერთ წელია, საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა - ანუ გამოძიებას არ დაუდგენია ვინ, რა იარაღით, ან რა ტრაექტორიიდან მოახდინა გასროლა? ან თუ ეს თვითმკვლელობა იყო, ჰქონდა თუ არა დენთის კვალი ხელზე?
- არის კიდევ ერთი დეტალი, ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, ამ დრომდე ღია მდგომარეობაში შუა ქუჩაშია მიტოვებული.
უშიშროების ოფიცერის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლევან სულაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება პროკურატურას და ამ ხელისუფლებას არ აწყობს. დარწმუნებულები არიან, რომ 28 წლის ბიჭი მისი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მოკლეს.