ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული: პოლიციელები უფრო მიცავდნენ, ადვოკატი უფრო იყო გამომძიებელი
სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
დღევანდელ პროცესზე სანდრო წივწივაძე ადვოკატ, გიორგი ბარდაველიძეს დაუპირისპირდა. [ბარდაველიძე წივწივაძის ადვოკატი იყო].
"პოლიციელები უფრო მიცავდნენ და ადვოკატი უფრო იყო გამომძიებელი"- თქვა ბრალდებულმა.
გიორგი ბარდაველიძეს ვუთხარი, შენი იდეების მოწოდებას თუ გააგრძელებ, გავდივარ და აცილებას გაგიკეთებთ-მეთქი, მაგიდაზე ხელები ვურტყი და გავედი. ჩემს დამცველ ადამიანად ვთვლიდი და თურმე მტერი ყოფილა ჩემი. მომივიდა თუ არა უსიამოვნება ბარდაველიძესთან, თქვენი იქ ყოფნის დროს?! - მიმართა წივწივაძემ მოწმე-გამოძიებელს გიორგი გოგუას.
"მე არ შევსწრებივარ. ვთვლიდი, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა, თქვენს კონსულტაციას არ უნდა დავსწრებულიყავი და გავდიოდი ხოლმე"- თქვა მოწმემ ბრალდებულის საპასუხოდ.
-
პროკურატურა ამტკიცებს, რომ იარაღი, რომლითაც ჭავჭავაძის გამზირზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში სწორედ წივწივაძეს ეკუთვნოდა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ფაქტის გარდა, ბრალდებულზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დასტურდება, რომ მან აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
სასამართლოს წინაშე გამოიკითხა სანდრო წივწივაძის მეგობარი, ლაშა გარნაჩი. მისი თქმით, მისთვის უცნობია, სად იაცავდა ბრალდებული იმ იარაღს, რომელიც მეგობარმა ერთ-ერთი ნადირობის დროს აჩუქა.
სანადიროდ ვიყავით, როცა სანდრომ მითხრა რომ იარაღს მაჩუქებდა. 2022 წელი იყო, გადმომიფორმა ოფიციალურად. არ ვიცი სად ინახავდა ჩემთვის ჩუქებამდე. სხვა იარაღების დაკარგვასთან დკაავშირებით არაფერი უთქვამს. დაკავებამდე სანდრო 2 კვირით ადრე ვნახე, მერე ჩხრეკაზე ჩემთანაც შემოვიდნენ და სანდროს მიერ ნაჩუქარი იარაღი ამოიღეს”- თქვა გრანაჩმა.
სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.